უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეული საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს მივიდა. დიპლომატიურ უწყებაში დღეიდან უკრაინასთან სამომავლო ურთიერთობების გაგრძელების ფორმას განიხილავენ. როგორც სამინისტროში მისულმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ აღნიშნა, საქართველოში დაბრუნებამდე, მან უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა.
"ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ, დღეს დაიწყება კონსულტაციები, თუმცა როდის დამთავრდება ვერ გეტყვით. უკრაინის უმაღლეს დონეზე მქონდა კომუნიკაცია და გადავეცით საპროტესტო ნოტა. პროტესტის ფორმად იქნა არჩეული ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის. ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ კონსულტაციებს. უკრაინის მხარემ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა, მიიღო ეს ნოტა და არ გაჰკვირვებია", - განაცხადა შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თეიმურაზ შარაშენიძის უკრაინიდან გამოწვევის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო.