საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა სანიოლი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.
მანამდე ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტს ვლადიმერ ვაისი იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გასული წლის 13 ნოემბერს ნაკრები ერთა ლიგის ფლეი ოფის ფინალურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო, ვაისმა თანამდებობა დატოვა.
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003). ვილი სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა.