logo
ENG



საქართველოს მასშტაბით ხანძრის რამდენიმე კერა კვლავ შენარჩუნებულია

11 მარ 202008:53
3 წუთის საკითხავი
 

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. დაახლოებით 50 ჰექტარზე ცეცხლი ხე ბუჩქნარს ეკიდა. დაიწვა ერთი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც არავინ ცხოვრობდა. ადგილზე შვიდი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის ინფორმაციით ხანძარი იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილზე ცეცხლი ქვედა საფარს ეკიდა. ხანძრის ლოკალიზებას სახანძრო სამსახურის ორი მანქანა ცდილობდა. ცეცხლის ჩაქრობას ხელი ძლიერმა ქარმა შეუშალა.

"მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნებულია ხანძრის რამდენიმე კერა, მათ შორის გამოსაყოფია სამეგრელოს რეგიონი და თეთრიწყაროს რაიონი. რაც შეეხება გურიას, სოფელ ვაკიჯვარში არსებული ხანძრის ღია კერები ჩამქრალია. 80-მდე მეხანძრე მაშველი სოფელ გომში აგრძელებს ხანძრის ქრობის სამუშაოებს და მისი გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის მოხსნილია",-აცხადებს ლევან ღირსიაშვილი. 

რაც შეეხება დედალაურის ყოფილი ჩაის მეურნეობაში გაჩენილ ხანძარს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალაბერიძის შეფასებით ცეცხლი ჩამქრალი ჯერ არის და გავრცელების არეალიც საკამოდ დიდია. 

"ხანძარი გაჩნდა დედალაურის ყოფილი ჩაის მეურნეობაში. რამდენიმე კერაა და ჯამში ათეულ ჰექტარზეა გავრცელებული, თუმცა რამდენიმე ადგილზე ლოკალიზება მოხდა. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გავრცელების არეალი დიდია. მიმდინარეობს ხაძრის ჩაქრობის სამუშაოები",-განმარტავს ზვიად შალამბერიძე. 

 

 


close დახურვა