logo
ENG



საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს

26 თებ 202215:52
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.

"სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. 

საქართველოს მთავრობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მისი პოზიციის გამო. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჯერ კიდევ თვეების წინ უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, ხელისუფლების წარმომადგენლებს უკრაინის ლიდერებთან არც სატელეფონო საუბარი არ ჰქონიათ და არც კიევში ჩასულან მხარდაჭერის მიზნით. ამის პარალელურად კი მსოფლიო ლიდერები კიევში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრებს მართავდნენ. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს, თუმცა საომარი მოქმედებების დაწყებიდან მხოლოდ 5 საათში. 

ამასთან, ქართულმა ოცნებამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც ოპოზიციამ მოიწვია და სადაც უკრაინის საკითხზე მსჯელობა იგეგმებოდა. 

25 თებერვალს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ეს ქვეყნის ინტერესების დაცვის საბაბით ახსნა. როდესაც მას აგვისტოს ომის დროს თბილისში ჩამოსული ლიდერები შეახსენეს, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ "უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი იქნება". ასევე, დაამატა, რომ უკრაინაში ცა ახლა დაკეტილია. 

ღარიბაშვილის განცხადებების საპასუხოდ თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეები ამბობდნენ, რომ პრემიერმინისტრის პოზიცია მათ პოზიციას არ გამოხატავდა. საკანონმდებლო ორგანოს წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. 


close დახურვა