4 ივნისს საქართველოს მოვლენებთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება. ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის, ასევე აშშ-ის პოლიტიკის შესაძლო საპასუხო ზომებზე ჩვენებას მისცემენ.
მოსმენაზე გამოვლენ: ივანე ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი; ნატალია საბანაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში; უილიამ კორტნი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში.
"სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს", - ვკითხულობთ ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.