logo
ENG



საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დანიშნულ ავიარეისებს 2 ახალი მიმართულება დაემატა

13 აპრ 202015:48
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დანიშნული ავიარეისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საბჭოს გადაწყვეტილებით, დანიშნულ ფრენებს ორი ახალი მიმართულება დაემატა. კერძოდ, სპეცრეისი 30 აპრილს ესპანეთიდან, 2 მაისს კი, ჩეხეთიდან შესრულდება.

„დღეს ვიმსჯელეთ დამატებითი რეისების განხორციელების შესაძლებლობაზე. უახლოესი დღეების განრიგი არის შემდეგი: 14 აპრილს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით ფრენა; 16 აპრილს - თბილისი-პარიზი-თბილისი; 18 აპრილს -თბილისი-თელავივი-თბილისი; 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი; 24 აპრილს - თბილისის-ბარსელონა-თბილისი; 27 აპრილს - თბილისი-ვარშავა-თბილისი. დღვანდელ საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატოს. 30 აპრილს განხორციელდება რეისი თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართულებით, ხოლო 2 მაისს - თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით. ეს არის ორი ახალი რეისი, რომლითაც ექნებათ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, დაბრუნდნენ სამშობლოში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან ასევე იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლის გათვალისწინებითაც სამშობლოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს უპირატესობა ენიჭებათ.

„გარდა ამისა, ჩვენ გარკვეული კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობდით საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების კუთხით, რომლით ხელმძღვანელობაც გაგრძელდება მომავალშიც. უპირატესობა მიენიჭებათ პირველ რიგში იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობდნენ საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთებს და ასევე დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება. ასევე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, ოჯახებს მცირეწლოვანი ბავშვებით, სტუდენტებს, რომლებსაც შეუწყდათ სტიპენდია და დაფინანსება, პირებს, რომლებიც დარჩნენ თავშესაფრის და პირველადი საჭიროების შესაძლებლობის გარეშე და ასევე მათ, ვინც პირად საკუთრებაში ან საქართველოში ჩამოსაყვანად შეძენილი არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით  მიემგზავრებოდნენ და სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ზალკალიანის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, სამშობლოში სპეცრეისების საშუალებით 5 540 მოქალაქე დაბრუნდა. გარდა ამისა, საელჩოებისა და საკონსულოების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში დახმარება გაეწია 4 051 მოქალაქეს.


close დახურვა