საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია. გახარია მიიჩნევს, რომ მხარდამჭერი აქტი, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადაყვანას ეძღვნება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
შეგახსენებთ, აშშ-მ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული "საქართველოს მხარდამჭერი აქტი."
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული ქმედებების მხარდაჭერას. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და მოუწოდებს მოსკოვს სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დოკუმენტი ასევე გმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვის-უნარიანობის გაზრდას. დოკუმენტი დასამტკიცებლად შეერთებული შტატების სენატს გადაეგზავნება, ხოლო პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ის კანონის ძალას შეიძენს.