logo
ENG



საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე დუმილს განაგრძობს

13 ოქტ 201920:13
3 წუთის საკითხავი
 
lvoj1g5yfxqa2tw.png

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საბერძნეთმა ზუსტად 9 თვის წინ აღიარა და გუშინ, 12 ოქტომბერს აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურადაც დაადასტურა. ამ მოვლენების ფონზე კი ქართული ეკლესია დუმს. საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მათ შორის არც პოზიცია დაუფიქსირებია. ასევე უცნობია, წაიკითხეს თუ არა ტომუსი. ცნობილია, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ ქართული სინოდი არც შეკრებილა. 

აღსანიშნავია, რომ  სოციალურ ქსელში მოკლე განცხადება ქართულ სასულიერო პირთა მხოლოდ მცირე ნაწილმა გააკეთა, მათ შორისაა მეუფე მელქისედეკი. 

"ელადის ეკლესიის წმინდა სინოდმა აღიარა უკრიანის ეკლესიის ავტოკეფალია. იმედია საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდიც ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას,"- წერს მელქისედეკ ხაჩიძე. 

სასულიერო პირთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ქართული ეკლესია გადაწყვეტილების მიღებამდე სხვა ქვეყნების რეაგირებას უნდა დაელოდოს. მათ შორის, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანდრია ჯაფარიძის თქმით, ამ საკითხს საქართველოს საპატრიარქოს სინოდი ვერ გაექცევა და მოუწევს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება, თუმცა მანამდე უნდა მოხდეს დადასტურება სხვადასხვა ეკლესიის მიერ. მაგალითად ბულგარეთის ეკლესიის მხრიდან და ..

საპატრიარქოს უმოქმედობაში რუსულ კვალს ხედავენ თეოლოგები. სპეციალისტების ინფორმაციით, იმ სასულიერო პირების რიცხვი, რომლებიც ღიად მხარს უჭერენ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, სინოდის წევრთა მესამედს შეადგენს, რაც გადაწყვეტილების მისაღებად არასაკმარისია

საქართველოს ეკლესია ზოგადად არ რეაგირებს ამ ტიპის მოვლენებზე ადეკვატურად. საქართველოს ეკლესიის რეაგირება ყოველთვის დამოკიდებულია გარე ძალის კარნახზე და ეს გარე ძალა, სამწუხაროდ, რუსეთია,“- განმარტავს თეოლოგი ლადო ნარსია.

ეკლესიის დამოუკიდებლობის დადასტურებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საპატრიარქო, რომელიც საბერძნეთს შესაბამისი რეაგირებით ემუქრება.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს შემდეგ, არაა გამორიცხული რუსეთმა საბერძნეთის ეკლესიასთანაც კავშირი გაწყვიტოს. ამის შესახებ მინიშნება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა დღეს გააკეთა. ბალაშოვის განცხადებით, რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან დაკავშირებით გარკვეულ ზომებს მიიღებს. რუსულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან კავშირი პროტესტის ნიშნად ჯერ კიდევ 2018 წელს შეწყვიტა.

ცნობილია ისიც,რომ კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საპასუხოდ რუსულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან ევქარისტული კავშირი სრულად გაწყვიტა.

შეგახსენებთ, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დადასტურების შესახებ ინფორმაცია კიევის მიტროპოლიტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.ზოგადად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია კი მსოფლიო საპატრიარქომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს აღიარა.

 

 


close დახურვა