logo
ENG



საქართველოს ყალბი და ნამდვილი პასპორტის გაყიდვა ონლაინ - საიტს, სავარაუდოდ, ჰაკერები მართავენ

27 აპრ 202014:15
3 წუთის საკითხავი
clock 2212
ubl9b1miyhgovzm.png

ერთ-ერთ უცხოურ საიტზე, რომელიც შესაძლოა ჰაკერებს ეკუთვნოდეს, ქართული პასპორტის შეძენა არის შესაძლებელი. კერძოდ, საიტზე Buypassportonline.com განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მათ გვერდზე 2 ტიპის პასპორტის შეძენაა შესაძლებელი. 

საუბარია, როგორც ყალბ, ისე ნამდვილ პასპორტზე. საიტზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნამდვილი პასპორტის საფასური 2 000 დოლარია, ხოლო ყალბი 500 დოლარი. 

პასპორტის შეძენის მსურველებმა შესაბამისი აპლიკაცია უნდა შეავსონ, რომელიც ამავე საიტზეა განთავსებული. სააპლიკაციო ფორმაში მომხმარებელმა ისეთი სახის პირადი ინფორმაცია უნდა მიუთითოს, როგორიც არის: სახელი/გვარი, საცხოვრებელი მისამართი, დაბადების თარიღი, ხელმოწერა, ფოტო და თითის ანაბეჭდები. ასევე პირადი ნომერი და საფოსტო კოდი. 

აღსანიშნავია, რომ ყალბი პასპორტის შეძენისთვის, ასევე აპლიკაციის ფორმაა შესავსები, რომელიც შედარებით ნაკლებ კითხვას მოიცავს, თუმცა ასევე მოითხოვს ხელმოწერას და თითის ანაბეჭდებს. 

ხსენებულ საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ყალბი პასპორტის გამოყენება შესაძლებელია ზოგადი გადაადგილებისთვის, თუმცა არა საზღვრის კვეთისთვის. ამასთან, რაც შეეხება ნამდვილ პასპორტს, როგორც საიტზე წერია, თუ მომხმარებლებს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მოუნდებათ, მათ სწორედ აღნიშნული პასპორტის შეძენა დასჭირდებათ, რომელიც ბაზაში ფიქსირდება. 

შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ საქართველოს მოქალაქეების პირადი ინფორმაცია ჰაკერების ხელში აღმოჩნდა. კერძოდ, ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების სია გამოქვეყნდა, რომელთა შორის გარდაცვლილებიც იყვნენ. 


close დახურვა