გამოცემა EURACTIV-მა მოიპოვა ევროკომისიის ანგარიში, რომელსაც ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ შუალედური ზეპირი მოხსენებისას წარადგენენ.
გამოცემის თქმით, ევროკომისიის ამ მოხსენების ტექსტის მიხედვით, მოლდოვას და უკრაინას რეფორმების კუთხით კარგი პროგრესი აქვთ და მოსალოდნელია, რომ რეფორმებზე მუშაობას ისინი მომდევნო თვეებში დაასრულებენ. საქართველოს შემთხვევაში კი "მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო" ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
გამოცემის ცნობით, ამ ანგარიშში წერია, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციიდან სრულად 3 შეასრულა: გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, სახალხო დამცველის დანიშვნა და საქართველომ ასევე გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
გამოცემის თქმით, ევროკომისია ამ მოხსენებისას საქართველოს მოსთხოვს პოლიტიკური დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმას.
"თუმცა ევროკავშირის მსურველი [ქვეყანა] ბოლო წლებში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რასაც ახლავს დასავლეთში შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებისა და მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის კუთხით უკუსვლის შესახებ.
ეს ასახულია სპიკერის იმ საკითხებში, რომლებიც ქვეყნის დეპოლარიზაციას მოითხოვენ "უხეში რიტორიკის დასრულებით" და "პარლამენტის ეფექტურ ზედამხედველობას, კონსტრუქციული მრავალპარტიული მოწყობით" - აცხადებს გამოცემა.
EURACTIV-ის თქმით, ევროკომისიის მოხსენებაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს მოსთხოვენ დარჩენილ პერიოდში კონცენტრირდეს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმებზე და დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლებისადმი უფრო სისტემურ და არა პიროვნებებზე დაფუძნებულ მიდგომაზე.
გამოცემის ცნობით, საქართველოს პროგრესი არც მედიაპლურალიზმის კუთხით აქვს. სპიკერის ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს კონკრეტული საჭიროებები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტებისა და მედია მფლობელების უსაფრთხოების დონის ზრდა.
ევროკომისიის შუალედური მოხსენება იქნება ზეპირი და არა წერილობითი ანგარიში. მისი მიზანი იქნება ევროკავშირის წევრობის მსურველ 3 ქვეყანას მიუთითოს იმ სფეროებზე, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციონ ოქტომბერში დაგეგმილი ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ბლოკის გაფართოების მიმოხილვამდე.
მომხსენებელი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარი ოლივერ ვარჰეი იქნება, რომელიც ზეპირ ანგარიშს ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებს ბრიუსელში 21 ივნისს წარუდგენს, 22 ივნისს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სტოკჰოლმში წარუდგენს. გარდა ამისა, სამივე ქვეყანა ცალ-ცალკე მიიღებს განახლებების შესახებ ინფორმაციას.