პარტია საქართველოსთვის აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევისა და არჩევნების გაყალბებაში ქართული ოცნების დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ გაყალბების და ამომრჩეველზე ზეგავლენის მთავარ ინსტრუმენტს რუსული სტილის პროპაგანდა წარმოადგენს, რომლის თანახმად, დასავლეთი არჩევნებში ჩარევას და რევოლუციას გეგმავს.
"ამ პირობებში, მიგვაჩნია, რომ ახლა ყველა აქტორის ყურადღება არჩევნების დაცვაზე უნდა იყოს გადატანილი - ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები - ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს. ამ არჩევნებზე გადაწყდება არამხოლოდ ევროპული მომავლის დაცვის, არამედ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი", - ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, აშშ-ს საპარლამენტო არჩევნების გზით საქართველოში მთავრობის შეცვლა სურს. დაზვერვაში ირწმუნებიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია აქვს შემუშავებული.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ასევე ირწმუნება, რომ ამერიკელებმა ქართულ ოპოზიციას საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაავალეს. ამასთან ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტთა შორის მსხვერპლის ხელოვნური შექმნა განიხილება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის ბრალდებებს "სრულიად მცდარი და აბსურდი" უწოდეს.