საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ლევან რატიანი ავრცელებს. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
"პაციენტი გახლდათ 83 წლის და ჰქონდა ქრონიკული პათოლოგიები, გულის უკმარისობა", - აღნიშნა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება კლინიკაში არსებულ ზოგად ვითარებას, რატიანის თქმით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში 115 პაციენტია მოთავსებული. აქედან 86 დაინფიცირებულია და 7 იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მისივე თქმით, 6 პაციენტი დღეს კლინიკას დატოვებს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში 456 დაინფიცირებულია, საიდანაც 139 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია ჯამში 5 ადამიანი.