logo
ENG



ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე: ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად

18 მარ 202122:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/18/hibg1y54hzudtci.jpg

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, ამ ეტაპზე მძიმეა.

რატიანის თქმით, პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები უკვე ჩაუტარდა და მის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. გემოდინამიკა არასტაბილურია. მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებით კვლევები და მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად.

რაც შეეხება კვლევებს, ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული კვლევები, ასევე კლინიკური. ლაბორატორიული კვლევების მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა, იმიტომ, რომ აქ იყო სავარაუდოდ, დაუზუსტებელი შოკი. გაკეთდა ინექცია ვაქცინით და ვერ გეტყვით რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას პაციენტი გამოყვანილი შოკური მდგომარეობიდან და დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება", - განაცხადა ლევან რატიანმა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნიაც დაესწრნენ. 

ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. ექთნის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

 

close დახურვა