საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
იმნაძემ განაცხადა, რომ ლაბორატორიაში ახალი შტამის სამ სავარაუდო შემთხვევას იკვლევდნენ, რომელთაგან ორზე უარყოფითი, ერთზე კი დადებითი პასუხი დადასტურდა.
მისი თქმით, ბრიტანეთში აღმოჩენილი კოროანვირუსის ახალი შტამით ინფიცირებული პაციენტი 50 წელს გადაცილებული პირია, რომელიც იზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
იმნაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის ექსპერტები ინფიცირებულის კონტაქტის ბიოლოგიურ მასალასაც იკვლევენ. დაავადებათა კონტროლის ერთერთი ხელმძღვანელი არ ამბობს, აქვს თუ არა ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია და არც იმას აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობდა ინფიცირებამდე პაციენტი.
პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან მაღალი გადამდებობა განასხვავებს, ამიტომ, ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები და სწრაფად გავრცელებადი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში 21 დეკემბერს აღმოაჩინეს. მას შემდეგ, ვირუსის შტამი მსოფლიოს მინიმუმ 14 ქვეყანაში, მათ შორის, უკვე საქართველოშიც გამოვლინდა.