logo
ENG



საქართველოში მცხოვრები უკრაინელები 24 თებერვალს რუსთაველზე აქციას გამართავენ

10 თებ 202315:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/3nxfvx7lvcg0hcc.jpg

საქართველოში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტები და მოქალაქეები, 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1 წლის თავზე, პარლამენტთან აქციას გამართავენ. აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული.

"2022 წლის 24 თებერვალი არის დღე, რომელიც ყველა უკრაინელს ახსოვს.

ჩვენ, უკრაინელებს საქართველოში, გვინდა ყველას შევახსენოთ, რა მოხდა ამ 365 დღის განმავლობაში, რაც რუსეთის ფედერაცია სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა.

2023 წლის 24 თებერვალს შეუერთდით აქციას თბილისში! (19:00) მარში რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტის შენობამდე (19:30).

აქციის მიზანია მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ერთი წელია რაც გრძელდება, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კი 9 წლიანი ომი მიმდინარეობს. მტერი აგრძელებს შეტევას, ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას. თუ უკრაინა დაიპყრო, მაშინ რუსეთი სხვა დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ შეტევაზე წავა.

თანამედროვე რუსეთს, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის, შეიძლება შეაჩეროს მხოლოდ უკრაინის არმიის გამარჯვება უკრაინის ბრძოლის ველზე, ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება თანამედროვე დასავლური იარაღი, ასევე აგრესორ სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გაძლიერება.

ამასთან, უკრაინა, რომელიც ითხოვს იარაღს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, ომს არ აპირებს, პირიქით, მშვიდობისკენ ისწრაფვის. მშვიდობის ერთადერთი გზა ჩვენი გამარჯვებაა! 

სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს, სინათლე კი სიბნელეს. დიდება უკრაინას!", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამაც დააანონსა. დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს რუსთაველზე კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი აქვს.


close დახურვა