დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველოში ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა. ომიკრონის შტამი დაუდასტურდა საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.
"დაახლოებით 10-მდე შემთხვევას ვიკვლევდით, რამდენიმე შემთხვევაში დადგინდა სეკვენირებით, რომ ისინი იყო დელტა და დელტა +. ორ შემთხვევაში ჩვენ დავადასტურეთ ომიკრონის არსებობა.
რამდენჯერმე იქნა ეს გადამოწმებული როგორც სეკვენირებით ისე სპეფიციური PCR ტესტებით, რომელიც ჩვენ შაბათს მივიღეთ ჩვენი გერმანელი პარტნიორებისგან, რომელიც აღმოაჩენს სფეციფიურად უკვე PCR-ით და არა სეკვენირებით. ორ შემთხვევაში დადასტურდა როგორც სეკვენირებით, ისე სპეციფიური PCR ტესტით." - ამბობს ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ომიკრონის ორივე შემთხვევა დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეებს. ამათგან ერთ-ერთს აქვს მოგზაურობის ისტორია აშშ-ში, მეორეს კი - დუბაიში. ორივე იყო აცრილი.
გამყრელიძის თქმით, ორივე მათგანი იზოლირებულია. ასევე, მათი დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი და იკვლევენ მათ 26 კონტაქტს.
კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.
ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.