logo
ENG



საქართველოში რისკის ქვეშ მყოფ არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

04 თებ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში რისკის ქვეშ მყოფ არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ოთხმა პაციენტმა, ვინც ბოქსირებულ განყოფილებებში თითქმის 1 კვირა გაატარა, ინფექციური კლინიკა დღის მეორე ნახევარში დატოვა. ჩინეთიდან მაღალი სიცხით დაბრუნებული 24 წლის მამაკაცი და უშუალოდ - უხანიდან დაბრუნებული ქალი კლინიკიდან მას შემდეგ გაწერეს, რაც როტერდამის რეფერალურმა ლაბორატორიიდან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი ჩამოვიდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამტკიცებენ, რომ საქართველოში საშიში კორონავირუსი არ გამოვლენილა და პანიკის საფუძველი არ არის. გვარწმუნებენ, რომ საზღვრებზე კონტროლი გაძლიერებულია და საეჭვო შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე ამოწმებენ მხოლოდ ჩინეთში ნამყოფ მგზავრებს, მაშინ როდესაც ვირუსი ჩინეთის ფარგლებს დიდი ხანია გაცდა, და ლაბორატორიულად დადასტურებული 190 -მდე შემთხვევიდან 8 პაციენტს ჩინეთთან შეხება საერთოდ არ ჰქონია.

საეჭვო პაციენტების ბიოლოგიურ მასალას დღეიდან ლუგარის ცენტრში შეისწავლიან. ამერიკელი პარტნიორების დახმარებით აგებულ წამყვან ლაბორატორიაში უკვე მიიღეს კორონავირუსის  ქვეშტამის რეაგენტი, რომელიც სპეციალისტებს ზუსტი დიაგნოზის დასმის და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას მისცემს.

კორონავირუსის ანტიდოტი ჯერ არ შექმნილა და ინფიცირებულ პაციენტებს ექსპერიმენტულად სხვადასხვა ვირუს-საწინააღმდეგო პრეპარატებითა და აივ-ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობენ. მანამდე კი სპეციალისტები ინფიცირებისგან თავის დასაცავად პირადი ჰიგიენის დაცვას გვირჩევენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემებს გამუდმებით აახლებს და საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ვირუსმა 430-მდე ადამიანი იმსვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი მსოფლიოს 25 ქვეყანაში  20 ათას 600 მიაღწია - ორგანიზაცია პანდემიის საფრთხეს ამ ეტაპზე გამორიცხავს.


close დახურვა