logo
ENG



საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია - UNWOMEN-ის კვლევა

19 დეკ 202319:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/19/o3ui7m8ury25f47.jpg

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს. კვლევაში ნათქვამია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, ქალების 18.2%-ს გამოუცდია ქალთა მიმართ ძალადობის რომელიმე ფორმა მაინც ბოლო 12 თვის მანძილზე:

  • სექსუალური შევიწროება - 9.7%
  • ადევნება - 1.6%
  • სექსუალური ძალადობა არაპარტნიორის მხრიდან (15 წლიდან) - 0.0%
  • ფიზიკური ძალადობა არაპარტნიორის მხრიდან (15 წლიდან) - 0.5%
  • ძალადობა პარტნიორის მხრიდან - 9.3%

ამასთან, კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში ქალების ნახევარს ძალადობის ერთო ფორმა მაინც გამოუცდია, კერძოდ, ქალების 8.5 პროცენტმა განიცადა სექსუალური ძალადობა 18 წლამდე; 19.7 პროცენტმა განიცადა ფიზიკური და/ან ემოციური ძალადობა 18 წლამდე; ქალების 24.5 პროცენტმა - სექსუალური შევიწროება; 8.5 პროცენტმა - ადევნება; 1.5 პროცენტმა - სექსუალური ძალადობა არაპარტნიორის მხრიდან (15 წლის შემდეგ); 6.5 პროცენტმა ფიზიკური ძალადობა არაპარტნიორის მხრიდან (15 წლიდან); და 22.9 პროცენტმა განიცადა ძალადობა პარტნიორის მხრიდან.

ამასთან, კვლევიდან გამოიკვეთა, რომ საქართველოში ყოველი მე-4 ქალი ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან გამხდარა.

  • გამოუცდია ფსიქოლოგიური ძალადობა - 24%
  • გამოუცდია ეკონომიკური ძალადობა - 8%
  • ამოუცდია ფიზიკური ძალადობა - 6%
  • გამოუცდია სექსუალური ძალადობა - 4%

კვლევის მიხედვით, ქალების უმრავლესობას გამოცდილ ძალადობაზე არავისთან ულაპარაკია. 10-დან 2 ქალს უთხოვია დახმარება რომელიმე ორგანიზაციისთვის და 10-დან 1 ქალს მიუმართავს პოლიციისთვის.

სექსუალური შევიწროების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 90%, საჯარო, საზოგადოებრივ სივრცეებში ხდება:

  • ქუჩაში - 41%
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში - 28%
  • სკოლაში ან უნივერსიტეტში - 11%
  • სამუშაო ადგილზე 8%

პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში (EVAWGG) - ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ერთობლივად ახორციელებენ.

კვლევის რაოდენობრივი კომპონენტი განხორციელდა EVAWGG პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის - თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია - ფინანსური მხარდაჭერით.

რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171  რესპონდენტი მოიცვა.


close დახურვა