საქართველოში ლიეტუველი და პოლონელი ევროპარლამენტარები, დაინიუს ზალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი იმყოფებიან. ისინი უკვე შეხვდნენ პროევროპული ოპოზიციის წარმომადგენლებს და პრეზიდენტს.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ორივე ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მიესალმებიან ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. გარდა ამისა, მათ აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია და ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
"განვიხილეთ ურთიერთობების შესაძლო გზები. გამოვხატეთ სოლიდარობა სამოქალაქო საზოგადოებისა, საქართველოს დემოკრატიული ძალების მიმართ. სრულიად ვიზიარებთ იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმური იყო და არალეგიტიმურია ამჟამინდელი პარლამენტი. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ის არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს.
ბევრი საკითხი განვიხილეთ მათ შორის გარდაუვალი გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ. რაც შეეხება სანქციების დაწესებას. ევროკავშირის მხრიდან ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ გარდაუვალი იქნება, განსაკუთრებით შეერთებული შტატების გადაწყვეტილების შემდეგ", - თქვა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა დაინიუს ზალიმასმა.
პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს და გააყალბეს რუსული გავლენით.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ საზოგადოებას, მათ სწრაფვას თავისუფლებისკენ და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ. არჩევნები მოიპარეს და გააყალბეს რუსული გავლენებით. ამიტომ, მხარს ვუჭერთ ოპოზიციის განცხადებას, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევების ორგანიზების შესახებ. ასევე მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. ჩვენ იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც კარგად ესმით, რას ნიშნავს რუსული გავლენა. რაც შეეხება სანქციებს, ეს ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, მხარს ვუჭერთ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ არჩევნები მოპარულია და ამ სანქცირებულ ადამიანს რუსეთში ავტორიტარულ რეჟიმთან ურთიერთობა აქვს", - აღნიშნა მან.