ამ წუთებში ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, გაწევრიანების პერსპექტივებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნაზე საუბრობენ.
განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული ოკუპაცია და ე.წ. საზღვარზე მიმდინარე მოვლენებია.
"ის ფაქტი, რომ დღეს მოსახლეობას ეკრძალება ე.წ. საზღვარზე გადასვლა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების გამო, მკაფიოდ აჩვენებს სასაზღვრო ზოლის ჰუმანიტარულ პრობლემას. ამიტომ პასუხისმგებელმა ხალხმა ცხინვალშიც და მოსკოვშიც უნდა ისწავლოს ბერლინის კედლის გაკვეთილი,"- აცხადებს გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.
რაც შეეხება რუსეთის ქმედებების მიზანს, უკრაინის ელჩის თქმით, რუსეთი გაღიზიანებულია რადგან საქართველოც და უკრაინაც ვითარდება.
"საქართველოშიც და უკრაინაშიც ვიცით ვინ არის მტერი და რატომ არის ასეთი ვითარება. არ ვსაუბრობთ ე.წ. მთავრობებსა უკრაინასა და ცხინვალში, ასევე დონეცკსა და ლუგანსკში. ვსაუბრობთ რუსეთის პოზიციაზე და მას არ სურს რომ ჩვენ ევროპული ოჯახი გავხდეთ. ვიყოთ დამოუკიდებლები,"- აცხადებს იგორ დოლგოვი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. უცხოელი დელეგატების თქმით ეს თემა მთელი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.
"შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არამარტო ამ რეგიონის ქვეყენბისთვის, არამედ ნატოსა და ევროკავშირისთვის. თუ შევაფასებთ ვითარებას, დავინახავთ რომ ისეთი კარგი არ არის სიტუაცია, როგორიც გვინდა რომ იყოს. სიტუაციის გართულება რუსეთის ქმედებების შედეგია. ეს არის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ყირიმის ანექსია,"- განმარტავს ერთ-ერთი დელეგატი ატანას ზაპრიანოვი.