logo
ENG



საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარე: გამათავისუფლეს იმიტომ, რომ გახარიას მიერ ვიყავი დანიშნული

11 ივნ 202114:18
3 წუთის საკითხავი
 

საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის პოლიტიკური დევნის შედეგად გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

მინდია დავითაძის მტკიცებით, მისი გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი გახარიას მიერ იყო დანიშნული. 

ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ უწყებაში შრომის ინსპექციაც მხოლოდ ერთი მიზეზით შევიდა - მოემზადებინა საფუძველი მისი გათავისუფლებისთვის.

„პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი. აღნიშნულ პოზიციაზე დამნიშნა გიორგი გახარიამ და პოლიტიკური დევნაც ამ ნიშნით განხორციელდა. სახელმწიფომ ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა უკანონო მეთოდები, მათ შორის, შრომის ინსპექცია, რომელიც ჩვენს უწყებაში შემოვიდა იმისთვის, რომ შეექმნა გათავისუფლების საფუძველი" - ამბობს მინდია დავითაძე.

საქპატენტის თანამშრომელი კი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ მინდია დავითაძის დანიშვნა იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ემსახურებოდა კონკრეტული მედიებისააოპოზიციური პარტიებისთვის პრობლემების შექმნას.

საქპატენტის თანამშრომლის, ირაკლი ქასრაძის თქმით, ყოფილი თავმჯდომარე მას უკანონო დავალებებს აძლევდა, შეუსრულებლობის გამო კი პრობლემებს უქმნიდა.

„მისი აქ დანიშვნა იყო პოლიტიკური აქტი. სრულიად გამოუცდელი და არაკომპეტენტური პიროვნება ამ დარგის მიმართ დაინიშნა სამსახურის ხელმძღვანელად. დაიწყო "წესრიგის დამყარება", მოიყვანა 30-მდე ახლობელი და შინაური, ნათია მეზვრიშვილის ძალიან ახლო წრეც. შემდეგ დაიწყო საქმეებში ჩარევაც. მე მთხოვდა სასაქონლე ნიშნებთან დაკავშირებით, მთავარი არხისა და ნაციონალური მოძრაობის ნიშნებისთვის პრობლემების შექმნა. როცა გავუწიე წინააღმდეგობა, დაიწყო პრობლემების შექმნა და შემიზღუდა უფლებები. რასაც მოჰყვა ჩემი მხრიდან პროკურატურაში გასაჩივრება და სასამართლოებში შესაბამისი სარჩელების მიტანა", - ამბობს საქპატენტის თანამშრომელი, ირაკლი ქასრაძე

გიორგი გახარიას გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ მმართველი ძალა პოლიტიკური ნიშნით დევნის საჯარო მოხელეებს. 

ბექა ლილუაშვილის თქმით, მინდია დავითაძე კეთილსინდისიერი თანამშრომელი იყო და მისი გათავისუფლება მხოლოდ გიორგი გახარიას სახელს შეიძლება უკავშირდებოდეს.

„ეს იყო დრამატული იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანს მივლინებაში დააწიეს გათავისუფლების ბრძანება მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო დანიშნული გახარიას მიერ. მინდია დავითაძე არის ადამიანი, რომელსაც ეჭირა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა და კონკურსის წესით მოხვდა საჯარო სამსახურში. არავის მის კვალფიციურობასთან და კეთილსინდისიერებასთან არ ჰქონია კითხვები. ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ მსგავსი პოლიტიკური დევნით ანგრევს სახელმწიფო მმართველობის სისტემას", - ბექა ლილუაშვილი.

 


close დახურვა