logo
ENG



საჭიროა პარტნიორების მობილიზება, რათა მათ ზეწოლა მოახდინონ მოსკოვზე - რუხაძე

30 მაი 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო მოქმედებებს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებს და მათ ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს.

ფაქტს აფასებენ ექსპერტებიც, რომლებიც ხელისუფლებას რუსეთისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და აქტიურობისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, საქართველოს მთავრობა უფრო მეტად უნდა აქტიურობდეს საერთაშორისოს ასპარეზზე.

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებით იყოს დაკავებული მოსკოვზე ზეწოლისთვის, ისინი ლანძღავენ პარტნიორებს, ნაცმოძრაობის აგენტებს ეძახიან და შედეგი ისაა, რომ ოკუპანტი არ ჩერდება. შემაკავებელი მექანიზმი უნდა იყოს საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობა, პარტნიორების მობილიზება იმისთვის, რომ მათ ზეწოლა მოახდინონ მოსკოვზე", - ამბობს გიორგი რუხაძე.

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია კი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მუშაობის სტილი არის არასწორი. მისი განმარტებით, არ შეიძლება ინფორმაციას ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ ავრცელებდნენ ჟურნალისტები, მთავრობა თავად უნდა საუბრობდეს ამ საკითხზე, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობა ამ თემაზე დუმს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ აკრძალული აქვთ საოკუპაციო ზოლთან მისვლა, ჟურნალისტებსაც - რაც გავრცელდა დღეს, არის ფაქტობრივად ჩუმად მოპოვებული და ვინც იქ მუშაობენ, ფაქტობრივად, ხელისუფლების ნებართვის გარეშე აკეთებენ მასალას. ეს ნიშნავს, ხელისუფლებას აქვს უსუსურობის განცდა და ნაცვლად იმისა, რომ ხმამაღლა ისაუბროს, ვხედავთ, რომ დამალული ინფორმაციაა და შემდეგ უწევს ამის დადასტურება სუს-ს, რაც არ არის სწორი", - აცხადებს თეონა აქუბარდია. 

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა, ჩორჩანა-პერევის მიმართულებაზე, ტყის მასივებში ოკუპანტების მიერ დამონტაჟებული ახალი ნიშნულები აღმოაჩინეს. პატრულირების დროს აღმოჩენილი ნიშნულები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ზოლიდან 150 მეტრის დაშორებითაა გავლებული.  


close დახურვა