logo
ENG



სახ.დეპი: აშშ-ში განვაგრძობთ საქართველოს NATO-ს მისწრაფებების მხარდაჭერას

13 ივლ 202314:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/13/zk8re24s8v174vl.jpg

"არ ვიცი" - ასე უპასუხა NATO-ს ვილნიუსის სამიტის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა კითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა სამიტს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

აშშ-ის საგარეო უწყების სპიკერმა მხოლოდ ის თქვა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს NATO-ში სწრაფვის მხარდაჭერას.

ჟურნალისტებმა მილერს ჰკითხეს: "ვრცელდება ცნობები, რომ საქართველოს პრემიერს უთხრეს არ გამოჩენილიყო ვილნიუსში უკრაინის ომზე NATO-ს კრიტიკისთვის. რა კომენტარს გააკეთებთ ფაქტზე, რომ საქართველო ყველა განცხადებაში დაივიწყეს, რომლებიც ვილნიუსის სამიტზე გაკეთდა", რაზეც მილერმა უპასუხა:

"ვიტყვით, რომ საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების ურყევი პარტნიორია. ეს არის NATO-ს უახლოესი პარტნიორებისთვის განკუთვნილი კატეგორია. შეერთებული შტატების სახელით, განვაგრძობთ საქართველოს NATO-ს მისწრაფებების მხარდაჭერას", - განაცხადა მილერმა.

***

გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში NATO-ს სამიტზე არ მიიწვიეს, რადგან უკრაინაში ომის "ერთ-ერთ მთავარ მიზეზად" NATO-ს დასახელების შემდეგ ის, როგორც ალიანსმა თავად პრემიერს განუმარტა, "სასურველი სტუმარი არ იყო".

სტატია, სათაურით "რატომ შორდებიან საქართველო და NATO პოლიტიკურად", საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის NATO-ს სამიტისადმი წერილის განხილვით იწყება, სადაც პაპუაშვილი NATO-ს მხრიდან საქართველოსადმი "უსამართლო მოპყრობაზე" საუბრობს.

გამოცემა წერს, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინა NATO-ს უახლოვდება, საქართველო და თავდაცვითი ალიანსი ერთმანეთს პოლიტიკურად უფრო და უფრო შორდებიან. საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობების "სიმპტომს" უწოდებს გამოცემა იმ ფაქტს, რომ საქართველო ალიანსის სამიტზე პრემიერის სახით არაა წარმოდგენილი.


close დახურვა