აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ–ის საელჩოდან თანამშრომლების უკრაინიდან გაყვანის ბრძანება გასცა, პირველ რიგში ნაკლებად მნიშვნელოვან თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს გაიყვანენ.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, მათ თანამშრომლების გაყვანის გადაწყვეტილება სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.
" 2022 წლის 23 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუშვა, რომ კიევიდან აშშ–ის საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ნებაყოფლობითად გამოემგზავრონ რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხის გამო" , – ნათქვამია სახ.დეპის განცხადებაში.
სახ.დეპის განცხადებით, აშშ–ის დანარჩენ მოქალაქეებს შეუძლიათ უკრაინა დატოვონ როგორც კერძო ფრენებით, ისე სხვა საშუალებებით.
სახ.დეპის ოფიციალური სამოგზაოურო რეკომენდაციების ჩამონათვალში უკრაინა საფრთხის მხრივ ყველაზე მაღალ, წითელ დონეზეა. წითელ ზონადაა გამოცხადებული რუსეთიც.
შეგახსენებთ, სახ.დეპის ამ გადაწყვეტილებამდე, cnn–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახ.დეპს თანამშრომლების გაყვანის თხოვნით კიევში აშშ–ის საელჩომ მიმართა.