logo
ENG



სახალხო დამცველი კარვების კანონს გამოხატვის თავისუფლებაში ინტენსიურ ჩარევად აფასებს

04 ოქტ 202322:14
3 წუთის საკითხავი
 
სახალხო დამცველი კარვების კანონს გამოხატვის თავისუფლებაში ინტენსიურ ჩარევად აფასებს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

სახალხო დამცველი ე.წ. კარვების კანონს ეხმაურება და მას გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიურ ჩარევად აფასებს. ომბუდსმენის განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა, შესაძლებელია გამართლდეს, მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.

სახალხო დამცველი საუბრობს კანონპროექტის თითოეულ პუნქტზე და მიიჩნევს, რომ ცვლილებებით შემოთავაზებული თითოეული ეს საფუძველი არ არის საკმარისი, პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვების დასაწესებლად.

კერძოდ, ომბუდსმენის თქმით, კანონპროექტში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ და როგორ შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს შეკრება მანიფესტაციის მიმდინარეობისას ზოგადად დროებითი კონსტრუქციების განთავსება მონაწილეებს.

წარმოდგენილი პროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ასევე ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას.

ომბუდსმენის შეფასებით, კანონპროექტით არ არის დასაბუთებული რატომ არის აუცილებელი ზემოაღნიშნული შეზღუდვის შემოღება ან რა ლეგიტიმურ მიზანს ისახავს ზემოაღნიშნული ცვლილებები. ამასთან, მისი თქმით, მუხლის ფორმულირება იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და არ არის განჭვრეტადი.

რაც შეეხება დათქმას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შეზღუდვის შესახებ, თუ მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ შეკრების და გამოხატვის უფლებასთან.

მისი შეფასებით, დაუშვებელია სახელმწიფომ პირებს შინაარსობრივად განუსაზღვროს შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში რა საგანი, ნივთი, კონსტრუქცია, ნახატი, წარწერა თუ სკულპტურა არის დაკავშირებული გამოხატულ პროტესტთან ან/და სოლიდარობასთან.

ხოლო იმ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა, მათ შორის, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება, სახალხო დამცველი ამბობს, რომ თუკი არსებობს ამდაგვარი დამატებითი რეგულაციების შემოღების აუცილებლობა, ცვლილებები უნდა შევიდეს რელევანტურ კანონმდებლობაში და არა "შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ეს შეფასებები და დაიცვას შეკრება/მანიფესტაციის უფლების კონსტიტუციური სტანდარტი.

დღეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 23 კი წინააღმდეგ წავიდა. 

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ. კანონში ცვლილებებს 3 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 2 ოქტომბერს კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი. 


close დახურვა