საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაში ეჭვი ეპარება. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატმა აღნიშნულ საკითხზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა, მნიშვნელოვანია შესაბამისი ორგანოს მხრიდან მოხდეს დიპლომის ნამდვილობის ექსპერტიზის დონეზე დადგენა.
„მე პირადად მრჩება ის კითხვები, რაც აქამდე იყო. ბუნებრივია, შალვა თადუმაძემ უპასუხა კითხვებს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხებს სჭირდება კომპეტენტური ორგანოს მიერ შეფასება. ასეთი ორგანო საქართველოში არსებობს, რომელიც ადგენს კონკრეტული დიპლომი ნამდვილია თუ არა და რამდენად შეესაბამება ის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,“ - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.
შალვა თადუმაძის განცხადებით, თუ ამ კუთხით გარკვეული ხარვეზებია, ეს არა მისი, არამედ 90-იან წლებში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დამსახურებაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის თქმით, მას კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები არ დაურღევია.
„არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ "არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი სასწავლებელი.' სადაც იყო გახსნილი, იქაც სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშ გადასასვლელშიც უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში,“ - აღნიშნა თადუმაძემ.