logo
ENG



სახალხო დამცველს შეუძლია მოგვმართოს - არჩილ თალაკვაძე თამთა თოდაძის საქმეზე

24 ოქტ 201915:15
3 წუთის საკითხავი
 
5nxdhp7ltb813jk.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ რაიმე დარღვევა არსებობს, სახალხო დამცველს შეუძლია მიმართოს როგორც პარლამენტს, ასევე პირადად მას.

ამის შესახებ მან თამთა თოდაძის საქმეზე, პროკურატურის მხრიდან, სახალხო დამცველისთვის საქმის მასალების გაცნობა-გადაცემაზე უარის თქმის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

„სახალხო დამცველს შეუძლია ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართოს პარლამენტს, შეუძლია მომმართოს პირადად მეც. თუ რაიმეზე ბარიერი აქვს, რაზეც კანონი აძლევს გარანტიას სახალხო დამცველს, ეს კანონი ასრულდება. სახალხო დამცველი არის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი და ჩვენ ამაზე საუბარი, მასთან ყოველთვის შეგვიძლია. ჯერჯერობით სახალხო დამცველს ჩვენთვის არ მოუმართავს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

დეტალების კომენტირებისგან თავს იკავებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფიო კილაძე.

„სახალხო დამცველის მანდატი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ამ მანდატს აქვს თავისი სამართლებრივი ჩარჩო. ჩვენ, რა თქმა უნდა ვიმუშავებთ, რომ სახალხო დამცველს რაც შეიძლება გავუფართოვოთ მანდატი, თუმცა ამ ეტაპზე დეტალების კომენტირებისგან თავს შევიკავებ, რადგან გასარკვევია რა დოზით არ ქონდა ჩარევის უფლება და მოიცავდა თუ არა მოთხოვნა შესაბამის მანდატს,“ - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სახალხო დამცველს თამთა თოდაძის საქმის მასალების გაცნობა-გადაცემაზე უარი უთხრა. თოდაძის უფლებამდაცველები მიიჩნევენ, რომ პროკურატურა რაღაცას მალავს. თავად პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას ვერ უზრუნველვყოფს.

 


close დახურვა