logo
ENG



სახელმწიფო დეპარტამენტი ღარიბაშვილის განცხადების პასუხად - ფორმულას კითხვა

21 მარ 202321:02
3 წუთის საკითხავი
 
სახელმწიფო დეპარტამენტი ღარიბაშვილის განცხადების პასუხად - ფორმულას კითხვა

სახელმწიფო დეპარტამენტი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიშის შინაარს მხარს უჭერენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამის შესახებ ფორმულას კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მათთვის საინტერესო არ არის. მისივე მტკიცებით, "ანგარიში მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციებით".

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ცნობები, რომლებიც შეშფოთებას იწვევდა, ეხებოდა კანონის უზენაესობას, მათ შორის დევნას, რომელსაც ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. გარდა ამისა, დეპარტამენტში ამბობენ, რომ გააგრძელებენ ქართველ ხალხთან პარტნიორობას და ხელისუფლებას აუცილებელი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. 

"ეს არის ადამიანის უფლებათა შესახებ 47-ე ანგარიში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა წარუდგინა კონგრესს. ჩვენ მხარს ვჭერთ ანგარიშის შინაარსს. ადამიანის უფლებათა ყველა წინა ანგარიში საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ონლაინ და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ვინც დაინტერესებულია წინა ანგარიშების შინაარსით, გადახედონ. თითოეული ანგარიში შეიცავს სქოლიოს, თუ არსებობს კითხვები კონკრეტულად ინფორმაციის წყაროებთან დაკავშირებით, რაზეც დაფუძნებულია ანგარიში.

შეშფოთების სარწმუნო ცნობები ეხებოდა კანონის უზენაესობას, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს, დევნას, რომელსაც ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, და გამოხატვის თავისუფლებასთან. მაგალითად, ნიკა გვარამიას სასამართლო დევნა, გასამართლება და პატიმრობა - ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. კანონის უზენაესობის კუთხით კიდევ ერთი პრობლემა ეხება ხელისუფლების უუნარობას ჩაატაროს სარწმუნო გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს 2021 წლის ღირსების მარშის წინ ძალადობის ორგანიზატორები, რამაც გამოიწვია დაუსჯელობა ამ ძალადობისთვის. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება.

შეერთებული შტატები სოლიდარულია ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების მიმართ, შექმნან თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქართველოს შესახებ ჩვენი საერთო ხედვისკენ, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში და არის ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაატაროს აუცილებელი რეფორმები, რათა მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ეს გააკეთოს გამჭვირვალედ, ისე, რომ მოიცავდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომი ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის სოლიდარობისთვის ერთად დგომის აუცილებლობას. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რუსული აგრესიული ქმედებები, მათ შორის დეზინფორმაცია, ე.წ. ბორდერიზაცია და მასობრივი გადასახლება, როგორ იწვევს უთვალავ პრობლემასა და ნგრევას", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში.


close დახურვა