logo
ENG



სახელმწიფო ინსპექტორი: საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას

30 დეკ 202120:05
3 წუთის საკითხავი
 
სახელმწიფო ინსპექტორი: საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ დღევანდელი კენჭისყრით, საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას. ამით ის ეხმიანება პარლამენტის მიერ დამტკიცებულ პროექტს, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე. 

მანვე აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა და იმედი გამოტქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს ამ კანონს:

"ეს სამართლებრივი ბრძოლა არ დასრულებულა!"

ლონდა თოლორაიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართა:

  • "თქვენ, საქართველოს პარლამენტმა, დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც სხვის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევისა და სხვისი მონაცემების უკანონო გამოყენებისთვის პასუხისმგებლობას თამამად აკისრებდა საჯარო დაწესებულებებს;
  • დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე ჩატარებულიყო დროული და ეფექტიანი გამოძიება;
  • დღეს თქვენ საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც შეზღუდული საკანონმდებლო, ფინანსური რესურსებით აკეთებდა მაქსიმუმს, რომ გამოეძიებინა მოხელეთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები
  • თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელსაც მუდმივად უწევდა ბრძოლა იმისთვის, რომ როგორმე დასჯილიყვნენ დანაშაულის ჩამდენი მოძალადე მოხელეები;
  • თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ბედავდა და ხმამაღლა ამბობდა, რომ მას უქმნიდნენ პრობლემებს და დაბრკოლებებს მტკიცებულებების მოპოვების პროცესში და არ აწვდიდნენ მტკიცებულებებს - დოკუმენტებს, ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც აუცილებელი იყო მოძალადე მოხელეთა დასასჯელად;
  • თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად ადგა ევროპულ გზას და ამკვიდრებდა ახალ, ევროპულ სტანდარტებს;
  • თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელმაც 2 წელში შეძლო საზოგადოების უპრეცედენტო ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება და თქვენ ეს ბოლო 3 დღეში თვალნათლივ დაინახეთ;
  • დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც მომზადებულ საკანონდებლო ცვლილებებზე ბედავდა და თამამად გამოხატავდა მის კრიტიკულ მოსაზრებას, მაშინ როცა ეს რეფორმები იყო ფასადური;
  • თქვენ დღეს გადადგით ნაბიჯი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან;
  • თქვენ დღეს გადადგით ნაჯიბი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან;
  • თქვენ დღეს გადაწყვიტეთ, რომ სახლში გაუშვათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი სამი მოადგილე, რომლებმაც მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა შეძლეს შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, მიღებული კანონით მიაღწიეს მიზანს, სახლში გაუშვან 2019 წელს პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორი და ავტომატურად მისი ყველა მოადგილე.

"კანონი მიიღეს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების სახელით, მაშინ, როცა ამ კანონის მიღების ფორმას და მეთოდებს არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებთან.

კანონი მიიღეს ევროპული ღირებულებების სახელით, როცა კანონის განხილვის შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, აშშ-ს ელჩმა, დიპლომატებმა", - თქვა მან.

დღეს, 30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. 

კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. 

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.


close დახურვა