logo
ENG



სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის, დაირღვა თუ არა კანონი გვარამიას ნომრის გასაჯაროვებით

02 თებ 202117:34
3 წუთის საკითხავი
clock 1246
2021/02/02/5kfs9nq3zt5qqdh.jpg

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, დაარღვია თუ არა პერსონალურ მონაცემთა კანონი ქართული ოცნების დეპუტატმა, თეა წულუკიანმა, როცა პლენარულ სხდომაზე მტავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება კანონს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პირი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მონაცემთა ფართო წრისთვის გასაჯაროებას ეხება", - ნათქვამია ინსპექტორის განცხადებაში.

თეა წულუკიანმა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოაცხადა. ის პარლამენტში ახლადშესულ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად, მის პირველ საპარლამენტო სხდომაზე გამოსვლისას, თავისი მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

წულუკიანმა ელისაშვილს უთხარა, რომ თავადაც სურდა ნომრის გამოცხადება, თუმცა, სანაცვლოდ, გვარამიას ნომერი გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, პარლამენტში გამოსვლის ტექსტები მასთან შეეთანხმებინა. 

"ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?", - განაცხადა წულუკიანმა. 


close დახურვა