საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, საკონსტიტუციო სასამართლოში ომბუდსმენიც გაასაჩივრებს.
ომბუდსმენამდე თავად სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ სადავო ნორმატიული აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას, კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს და მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებულია ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც აუქმებს სამსახურს, ათავისუფლებს სახელმწიფო ინსპექტორს (მის მოადგილეებს) და რომლებიც ინსპექტორის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელყოფენ.
დამოუკიდებელი ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შეიქმნა.
2019 წელს ინსპექტორი საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი.
2021 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო კანონის პროექტის განხილვა და ზუსტად ოთხ დღეში მიიღო სამი მოსმენით, რის შედეგადაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.
"სახელმწიფო ინსპექტორი თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის განსაკუთრებული გარანტიებით სარგებლობის, ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის დროს შეიძლება იყოს გამართლებული, რაც, ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
კანონპროექტის განხილვის ეტაპზე საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულის თაობაზე განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პარლამენტს, არ მიეღო არაკონსტიტუციური ცვლილებები.
საქართველოს სახალხო დამცველი შუამდგომლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე - შეჩერდეს სადავო ნორმატიული აქტების მოქმედება 2022 წლის 1 მარტამდე, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტური კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება.
"საკითხის მნიშვნელობიდან და განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, წარმოადგინონ სასამართლო მეგობრის მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე და მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული დავის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით".- აცხადებს სახალხო დამცველი.