logo
ENG



სახლში დარჩენა მოყვასზე ზრუნვაა, რელიგია ამას გვასწავლის - კალაძე

15 აპრ 202011:52
3 წუთის საკითხავი
 
5xqwpa6ns986kr6.jpg

თბილისის მერმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ დაიცვან კანონი და სოციალური დისტანცირების შესახებ რეკომენდაცია. მისივე განმარტებით, რელიგიაც სწორედ სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ქადაგებს და მორწმუნეებს ორმაგი ვალდებულება გააჩნიათ.

„არის საგანგებო მდგომარეობა, ის ვრცელდება ყველა სივრცეზე და არანაირი მაგრამ არ არსებობს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ათი დღის განმავლობაში მოქმედებს დამატებითი წესები დიდ ქალაქებში მიმოსვლასთან დაკავშირებით. ყველა ვალდებულია, დარჩეს სახლში და დაიცვას კანონი. სარწმუნოებაც ამას გვასწავლის და მორწმუნე ადამიანი ორმაგად ვალდებულია. სახლში დარჩენა მოყვასზე ზრუნვაა. დღეს გვჭირდება ერთად დგომა", - ამბობს კალაძე.

კახა კალაძემ თბილისიდან გასვლის მსურველებს მოუწოდა, არ დარჩეთ ბუნებრივი აირი, წყალი და ელექტროენერგია ჩართული. 

თბილისის მერის განმარტებით, ამას შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგები, ამიტომ მნიშნელოვანია სახლიდან გასვლის წინ მათი შემოწმება.

„დიდი ქალაქების 10 დღით ჩაკეტვის გამო, ალბათ, ბევრი გავა თბილისიდან. მინდა ვთხოვო თბილისელებს, შეამოწმონ ბუნებრივი აირი, ელ. ენერგია და წყალი - არ დარჩეთ გამოურთველი. ვინმეს რომ ჩართული დარჩეს, ამან შეიძლება ფატალური შედეგები გამოიწვიოს. შეამოწმეთ ბინები და საცხოვრებელი სახლები", - განაცხადა კალაძემ.

ქალაქის მერმა, ასევე, ისაუბრა კიკეთთან საგუშაგოს განლაგების შესახებ და განაცხადა, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს შეეძლებათ თბილისის მიმართულებით შეუფერხებლად გადაადგილება.

„გავითვალისწინეთ არსებული მდგომარეობა და კიკეთში გადაიწევს საგუშაგო, ასე რომ, იქ მცხოვრებ ადამიანებს არ შეექმნებათ პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით", - ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა