logo
ENG



სემეკი, მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე, თელმიკოს და თელასს შეამოწმებს

07 თებ 202209:57
3 წუთის საკითხავი
 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს შეისწავლის.

ამ დროისთვის სემეკში 700-მდე საჩივარია შესული. საჩივრები დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს შეეხება - მოქალაქეების თქმით, მათ არაადეკვატურად გაზრდილი თანხა დაერიცხათ - საშუალო სტატისტიკურ ოდენობაზე მრავალჯერ მეტი. 

თელმიკოს და თელასის მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ.​

თელმიკოსა და თელასის შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა. 

"მოხდება მთლიანად ტექნიკური ციკლის შესწავლა, მაგალითად, რა ადამიანური რესურსი აწარმოებს აღრიცხვას, რა მეთოდით აწარმოებენ, ზუსტად აქვთ თუ არა შესაძლებლობა, ამოიწერონ თუ არა მრიცხველიდან ჩვენებები, მაშინვე ასახონ პლანშეტებში, გადაგზავნა როდის ხდება და ა.შ. 

საჭირო გახდა იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოირიცხოს საუბარი იმაზე, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს განზრახ და შედიოდეს ვინმეს ინტერესებში. და მეორე: აღარ დაფიქსირდეს რეციდივი". - ამბობს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

ბოლო რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს იღებენ. 

თელმიკოს განცხადებით,  ეს დეპოზიტის დარიცხვის გამო მოხდა, თუმცა ახლა მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეჩერდა. 

დეპოზიტზე თანხის დარიცხვა გულისხმობს იმას, რომ: კანონის თანახმად, თუ ყოველი 12–თვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ გადააცილა გადახდის ვადას, ან თუ მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას დეპოზიტზე თანხის შეტანა.

ამასთან, თელმიკოს  კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის, თეა ნოზაძის თქმით, "1 წლის განმავლობაში მთავრობა ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა, რაც იანვრიდან აღარ ხდება და ესეც ქმნის [ტარიფის ზრდის] შთაბეჭდილებას".


close დახურვა