logo
ENG



სემეკი თელმიკოსა და თელასში შევა

02 თებ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/02/77q482yraqd7k60.jpg

2 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თელმიკოსა და თელასში შევა.

სემეკი ადგილზე შეისწავლის კომპანიების მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. როგორც კომისიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა დიდი ოდენობის საჩივრებით, რომლებიც შეეხება ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადებს.

ბოლო რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს იღებენ. თელმიკოს განცხადებით,  ეს დეპოზიტის დარიცხვის გამო მოხდა, თუმცა ახლა მოსახლეობისთვის დეპოზიტის დარიცხვა შეჩერდა. 

დეპოზიტზე თანხის დარიცხვა გულისხმობს იმას, რომ: კანონის თანახმად, თუ ყოველი 12–თვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ გადააცილა გადახდის ვადას, ან თუ მომსახურების საფასურის გადაუხდელობისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 5-თვიანი ან მეტი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას დეპოზიტზე თანხის შეტანა. 

თელმიკოს კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის, თეა ნოზაძის თქმით, ტარიფი არ გაზრდილა და მან განმარტა, "რატომ უჩნდება მოსახლეობას დენის ტარიფის ზრდის განცდა".

"არის ერთი შემთხვევა, როდესაც ჰგონიათ, რომ ტარიფი გაიზარდა, რეალურად გვიკავშირდებიან და ვუხსნით, რომ [დეკემბერში] თანხა არ გაქვთ გადახდილი და ამან გამოიწვია, თორემ თვიური მოხმარება არ გაზრდილა. და არის კიდევ მეორე მომენტიც, როდესაც მომხმარებლების რაღაც რაოდენობას აქვს [ტარიფის ზრდის] შეგრძნება. ჩვენ შემოვედით ბაზარზე 2021 წლის 1 ივლისიდან, აქედან მოყოლებული ტარიფის ზრდის ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ 1 წლის განმავლობაში მთავრობა ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა, რომელიც იანვრიდან აღარაა და ესეც ქმნის [ტარიფის ზრდის] შთაბეჭდილებას", - თქვა მან.


close დახურვა