ამერიკელი სენატორები, რიში, შაჰინი, მენდესი, დურბინი და რიკეტსი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
მათი თქმით, მოქალაქეების მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა არის ძირითადი უფლება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიაში უნდა იყოს დაცული.
"ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი ნათლად ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტის ეს ნაბიჯი, ემუქრება არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისთვის. ეს კანონი, მხოლოდ დააშორებს საქართველოს იმ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, რომელშიც მას გაწევრიანება სურს. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელ კანონმდებლობას, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი მარცხი დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და იმუშაოს ქართველი ერისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი - ეს არის ძირითადი უფლება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიაში უნდა იყოს დაცული", - ნათქვამია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს, შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.