ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, სენატორ ბენ კარდინის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები შოკისმომგვრელი და მიუღებელია.
როგორც კარდინიმ ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას განუცხადა, 5 ივლისს, რადიკალური ჯგუფების მხრიდან მედიაზე ძალადობა ქართული ოცნების ლიდერების მიერ იყო წახალისებული.
სენატორი ამბობს, რომ ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლდნენ.
"5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ", - განაცხადა ბენ კარდინიმ.
5 ივლისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. ამის გამო რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს. მათ მოძალადეების დასჯა და პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ წასვლას არ აპირებს.
მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ. მომდევნო აქცია შაბათს, 17 ივლისს არის დაანონსებული.