logo
ENG



სენატორი შაჰინი ოცნებაზე: მათ სურთ დიქტატურა და არა დემოკრატია

06 სექ 202400:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/06/yf7oe16c0pd5a3q.jpg

სენატორი ჯინ შაჰინი National journal-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ კი რუსულ კანონზე, საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის ურთიერთობაზე, ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებასა და აშშ-ის მიერ ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე საუბრობს. 

სენატორი აღნიშნავს, რომ აშშ რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას მას შემდეგ გამოთქვამს, რაც ხელისუფლებამ ის გასულ წელს, პირველად დააინიცირა. 

"ის ასახავს მსგავს კანონს, რომელიც მიიღეს რუსეთში, რამაც რუსეთიდან ამდენი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის გასვლა გამოიწვია. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ხდება საქართველოში. ჩვენ, ასევე, მოვისმინეთ ევროკავშირისგან, რომ კანონი არ შეესაბამება EU-ის წევრობის მოთხოვნებს, რის გამოც ორგანიზაციამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წითელი დროშები აღმართა", - ამბობს შაჰინი. 

მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძის მტკიცება, რომ კანონი გამჭვირვალობას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. შაჰინი განმარტავს, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ისახავს მიზნად. 

"ერთი რამ, რაც პრემიერმინისტრმა გვითხრა, როდესაც შევხვდით - ჩვენ ვსაუბრობდით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობასა და ჩვენს შეშფოთებაზე, ურთიერთობის გაუარესებასთან დაკავშირებით - ქართული ოცნების მთავრობას არ სურს, გადახედოს გამოთქმულ შეშფოთებას. მისი თხოვნა იყო, შეგვეწყვიტა ყველა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი ოცნების ხელისუფლების მიმართ. 

[...] კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ, ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლაზე საუბრობს. ისინი ძირითადად, ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ, რომ იყოს დიქტატურა და არა დემოკრატია", - აცხადებს სენატორი. 

გარდა ამისა, შაჰინმა ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, ეს კი ხალხის სურვილს არ შეესაბამება. 

"ვფიქრობ, ძალიან რთულია დანახვა, როგორ გააგრძელებს [საქართველო] დემოკრატიას, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება თავდაცვის მინისტრთან, პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე. ჩვენ ასევე შევხვდით პრეზიდენტ [სალომე] ზურაბიშვილს, რომელიც იზიარებს ჩვენს მიერ გამოთქმულ შეშფოთებას", - აღნიშნავს ის. 

შაჰინის თქმით, იმ პირობებში, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ძნელად გასაგებია, რატომ იღებს ქვეყანა რუსულ კანონებს. 

რაც შეეხება აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 95-მილიონიანი დოლარის დახმარების შეჩერებას, შაჰინი აცხადებს, რომ დაფინანსების აღდგენა დამოკიდებულია შეფასებაზე, რომელზეც აშშ ახლა მუშაობს. 

შაჰინს "ქართველი ხალხის აქტთან" დაკავშირებითაც ჰკითხეს. სენატორი იმედოვნებს, რომ ძირითადი დებულებები, სანქციების ჩათვლით, "წინ წავა". 

მისი განცხადებით, აშშ შეშფოთებულია ე.წ. აგენტების კანონის მიღებითა და ასევე, მათი დევნით, ვინც ქართული ოცნების პოლიტიკას არ ეთანხმება.  


close დახურვა