27 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტმა რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის თავიდან არიდების საკითხებზე იმსჯელა.
სენატორების განცხადებით, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ჩავარდა. როგორც ისინი ამბობენ, ეს ნაწილობრივ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვებისთვის თავის არიდების შესაძლებლობითაა განპირობებული, ხოლო მეორე მხრივ, ამის მიზეზი სანქციებთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის არარეალური მოლოდინების შედეგია.
სენატორის, რონ ჯონსონის თქმით, ბოლო კვლევით გამოჩნდა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკაში ბევრი დასავლური კომპონენტია. მან დაასახელა რამდენიმე არასანქცირებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, აშშ-დან სამხედრო კომპონენტების იმპორტს ლეგალურად ახდენენ, შემდეგ კი პირდაპირ ან ირიბად ის რუსეთში გააქვთ.
"დღევანდელი მოსმენა ხაზს გაუსვამს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კიდევ ერთ წარუმატებლობას. ექსპორტზე დაწესებული კონტროლის მიუხედავად, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკაში ბევრი დასავლური ქვეყნის კომპონენტია - 70%-ზე მეტი.
რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში აღმოჩენილი თითქმის 2 800 უცხოური კომპონენტი, სავარაუდოდ, აშშ-დან იყო. სიცხადისთვის, ქვედა კომიტეტს არ მიუღია რამე მტკიცებულება, რომ სამხედრო კომპონენტების, როგორიცაა ნახევრადგამტარები, მწარმოებლები აშშ-ს ექსპორტის კონტროლს არღვევენ. სამაგიეროდ, წინასწარი ინფორმაციით, ჩანს, რომ არასანქცირებული ქვეყნები, სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი, თურქეთი, აშშ-დან კომპონენტების იმპორტს ლეგალურად ახდენენ და შემდეგ, პირდაპირ ან ირიბად ახორციელებენ მათ ექსპორტს რუსეთში.
რუსეთის შესაძლებლობა, თავი აარიდოს ამ და სხვა საექსპორტო კონტროლს, ხაზს უსვამს ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციათა არაეფექტურობას", - განაცხადა სენატორმა.
გარდა ამისა, დემოკრატმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენთალმა სანქციების არაეფექტურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა, "რაღაც იღონონ". მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას დოკუმენტები გადასცა, სადაც აღწერილია, როგორ მიეწოდება კრემლს შუამავლების მეშვეობით, დასავლური, კონკრეტულად კი 4 ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული კომპონენტები.