logo
ENG



სენდვიჯი: სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულება აქვს, რაც გლდანში ადეკვატურად ვერ სრულდება

12 ნოე 202115:22
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელმა ადვოკატმა, ჯონ სენდვიჯმა მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოინახულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, ეს არ არის სათანადო დაწესებულება და აქ ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხი სერიოზულად შემაშფოთებელია.

"აქ არ არის სამედიცინო საშუალებები, რაც მას შესაძლოა დასჭირდეს. ყველაფრის მიუხედავად, ის მხნედ არის". - ამბობს ადვოკატი. 

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის მიმართ არსებულ საქმეებს - ჯონ სენდვიჯი ამბობს, მსგავსი ბრალდებები არასდროს მოიაზრება სისხლის სამართლით არც აშშ-ის და არც საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში. 

თუმცა, მისი თქმით, ახლა მთავარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

"ეს არ არის დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოდ იქნება. არ ვარ ქართული სამართლის სპეციალისტი, თუმცა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს დაკავებულის ზრუნვის ვალდებულება, რაც ამ დაწესებულებაში ადეკვატურად ვერ შესრულდება". - ამბობს ადვოკატი. 

ჯონ სენდვიჯი გამოეხმაურა 11 ნოემბერს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცლებულ ვიდეომასალასაც, რომელშიც ასახულია, რომ ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მისი ნების წინააღმდეგ, ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

"ძალიან შემაშფოთებელია, როგორც ექცევიან. მისი ძველი პოზიციიდან გამომდინარე, მოვალეობა მეტი პასუხისმგებლობით უნდა შესრულდეს. არ ვამბობ, რომ პრივილეგიით უნდა ისარგებლოს, თუმცა, რაც მე ვნახე ამ დაწესებულებაში - ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჰყავდეთ აქ უსაფრთხოდ". - თქვა ჯონ სენდვიჯმა

*** 

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

ვიდეომასალის მიხედვით, რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მიათრევს. 8 ნოემბერს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო საავადმყოფოში მიჰყავდათ. როცა ტყუილის შესახებ შეიტყო, ექსპრეზიდენტმა რუსთავის ციხეში დაბრუნება მოითხოვა და კლინიკაში შესვლაზე უარი განაცხადა. 

ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექს-პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსოლიუმი იზრუნებს. 


close დახურვა