logo
ENG



სერგეენკო მელიაზე: ოპოზიციის ნაწილის სცენარი ნებისმიერ შემთხვევაში რადიკალური სცენარი იყო

16 თებ 202113:15
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ პარლამენტმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ნიკა მელიას იმუნიტეტთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის განწყობა მაინც რადიკალური სცენარის გათამაშებაა. 

ამიტომ, მისი თქმით, "გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამართლიანობის სასარგებლოდ". 

"ჩემი აზრით, ოპოზიციის ნაწილის განწყობა იყო, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც რადიკალური სცენარის გათამაშება. არჩევანი კის ან არას შორის შედეგს მაინც არ შეცვლიდა, ესკალაცია მაინც იქნებოდა და ამიტომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამართლიანობის სასარგებლოდ". - ამბობს დეპუტატი. 

დღეს, 16 თებერვალს საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. საკითხის განხილვა დღესვე პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. ენმ-ის თავმჯდომარისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა - საგამოძიებო უწყებას სურს, სასამართლოს მელიას დაპატიმრება მოსთხოვოს. 

სერგეენკომ ფორმულას ეთერში თქვა:

"პარლამენტი პოლიტიკური ინსტიტუტია და ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ხდება და არა სამართლებრივი, თუმცა, ამავე დროს, ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური შემადგენელი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცლილი და უნდა იყოს მიმართული სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებაზე". 

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ენმ პროვოკაციას ამზადებს, თუმცა, დეტალების შესახებ არაფერი იცის. 

"ერთადერთი, გულწრფელად მწამს, რომ ამ გამოწვევებით სავსე ვითარებაში მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება". - თქვა მან. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა - 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, ვინაიდან, "ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია". 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა. 

პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს უკვე მეორედ განიხილავს. 2019 წლის 26 ივნისს პარლამენტმა იმავე - 20-21 ივნისის საქმეზე იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა. 


close დახურვა