logo
ENG



სერგი კაპანაძე: გახარია პარლამენტში მაშინ უნდა მოსულიყო, როცა კითხვები ისმებოდა საზოგადოებაში

15 მაი 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანხმობას, პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, პრემიერის ვიზიტი პარლამენტში დაგვიანებულია, რადგან მას აქამდე უნდა გაეკეთებინა განმარტებები საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, ევროპულ საქართველოს კითხვები ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს უკავშირდება.

„ქართული ოცნების ხელწერად იქცა საქმეების გაკეთება დაგვიანებით, სრული უპატივცემულობა და პარლამენტის კითხვებზე პასუხის არ გაცემა. ის რომ გახარია პარლამენტში მოდის ეს აქამდე უნდა მომხდარიყო, სანამ დაანონსებული იქნებოდა კონკრეტული შეზღუდვები. უნდა მოსულიყო მაშინ, როდესაც კონკრეტული კითხვები ისმებოდა საზოგადოებაში. ოპოზიციას ექნება კითხვები, რომლებიც ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას უკავშირდება, რომელიც არის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ გახარია პარლამენტში არ მივიდოდა, დაარღვევდა კონსტიტუციას. მისივე განცხადებით, კარგია, რომ პრემიერმა ფორმალურად ვალდებულად მაინც იგრძნო თავი, რათა ბუტაფორიად ქცეულ პარლამენტში ოპოზიციას კითხვებზე უპასუხოს.

„5 მაისს მოვითხოვეთ, რომ პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის გამოყენებით მოსულიყო. რომ არ მოსულიყო ის დაარღვევდა კონსტიტუციას, რაც ივანიშვილის საქართველოში მესმის, რომ აღარაფერს წარმოადგენს, თუმცა კარგია, რომ ფორმალურად მაინც ვალდებულად იგრძნო თავი, რომ ბუტაფორიად ქცეულ პარლამენტში ეს ფორმალობა შეასრულოს და გვიპასუხოს კითხვებზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი გახარიამ ოპოზიციის შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა. პრემიერის თქმით, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, თუ როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. 

 

 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ, პრემიერ გიორგი გახარიას მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიციას მის მიმართ პოლიტიკური კითხვები აქვს, რომელსაც გახარიას პარლამენტში მისვლისას დაუსვამს.

ინტერპელაციაზე პარლამეტში პრემიერ-მინისტრი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. მათ აინტერესებთ თუ რა დარღვევები და გადაცდომები შეიძლება არსებობდეს საგანგებო პერიოდის მართვის პროცესთან დაკავშირებით.

 


close დახურვა