logo
ENG



სერგი კაპანაძე: მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი დოკუმენტს გარკვეული დაზუსტებებით

19 აპრ 202114:38
3 წუთის საკითხავი
 
სერგი კაპანაძე: მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი დოკუმენტს გარკვეული დაზუსტებებით

პოლიტიკოსი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერდა, "გარკვეული დაზუსტებებით". კაპანაძე ფეისბუქზე წერს, რომ ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე ქართული ოცნება. 

"შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი ნამდვილად არ არის იდეალური. მაგრამ, მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით. თუ, რა თქმა უნდა, სწორად მესმის და მელიას და რურუას ერთ კვირაში გათავისუფლება წერია და ადგილობრივ არჩევნებში ქოცების 43%-ზე მეტის ვერმიღების შემთხვევაში, ახალი არჩევნები ინიშნება.

ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე ქართული ოცნება. გაცილებით მეტს. უპირველეს ყოვლისა, კი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი ამ შეთანხმების მიღწევა.

თუ მოლაპარაკებები გრძელდება, მეტის მიღებაც შეიძლება და ამ დოკუმენტის გაუმჯობესებას უნდა ეცადონ მომლაპარაკებლები. თუ არა და, თუ ეს არის შეთანხმების ბოლო შანსი, მაშინ დათანხმება იქნება სწორი.

ამ დოკუმენტში, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, 20 ივნისის სრული ამნისტიაა, თუმცა ამნისტია მუხლებს ეხება და კონკრეტული მუხლების განსაზღვრისას უნდა მოხდეს დაკონკრეტება, ვინ იგულისხმება და ვინ არა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ თუ ოცნება მონდომებს ამას, ისედაც გააკეთებს. პ.ს. ჩემი პირადი აზრია. პ.პ.ს. პარლამენტარის მანდატი არ მაქვს", - წერს სერგი კაპანაძე.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს, რომელშიც, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა "გირჩის" სამმა წევრმა: ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ. 

მმართველი პარტია, ქართული ოცნება აცხადებს, რომ რომ დოკუმენტს გუნდთან ერთად განიხილავს, "განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ კი პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და არ დაეთანხმებიან რაიმე შინაარსობრივ დამატებას".

დოკუმენტის ხელმოწერას ემხრობა გიგი უგულავა, ასევე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 


close დახურვა