logo
ENG



სერგი კაპანაძე - ეს ყველაფერი ივანიშვილისთვის წინასაარჩევნო პერიოდის ნაწილია

04 ნოე 201917:31
3 წუთის საკითხავი
 
tp3px1ijb7bhjif.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ბიძინა ივანიშვილის ახალ ინიციატივებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მისთვის წინასაარჩევნო პერიოდის ნაწილია.

კაპანაძე მისგან დაპირებების შესრულებას არ მოელის და აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ საზოგადოებას აჩვენებს, თითქოს კურორტების აღორძინებაში საკუთარ ფულს ხარჯავს.

„ბოლო რვა წლის განმავლობაში, ნდობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა საზოგადოებამ, არ გამართლდა. მან არ გადაჭრა არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი, არ შეასრულა არცერთი დაპირება, შესაბამისად, ეს დაპირებაც, თითქოს ამ ინვესტიციით კურორტებს ააღორძინებს, ვფიქრობ, არ შესრულდება. ეს ყველაფერი მისთვის წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისია. ის აჩვენებს საზოგადოებას, რომ აი კიდევ ერთხელ დახარჯავს მის ფულს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის ლექსიკონს გაუგონარს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული ქვეყანაში საწარმოების განვითარებაზე.

„მისი ლექსიკონი არის ის, რომ არ შეუძლია ხელისუფლებას, არ შეუძლია სამინისტროებს მოიზიდონ ინვესტიციები, ბიუჯეტს არაქვს ამის თავი, შესაბამისად, მე და ჩემი ოჯახი დავეხმარებით ბიუჯეტს. ეს არის გაუგონარი განცხადება, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც არის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი და რომელსაც პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული ქვეყანაში საწარმოების განვითარებაზე,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ისევ სახელმწიფო შეღავათების ხარჯზე აპირებს მორიგი ბიზნესის აწყობას, შემდეგ კი გაყიდვას.

„ეს ჩვეულებრივი სქემაა, როგორც მოხდა ბიტკოინების ქარხანასთან, უფასო მიწა, აბსოლუტურად გათავისუფლება ყველა გადასახადისგან, შეღავათიანი ელექტროენერგია, შემდეგ ეს ამუშავებული ბიზნესი, ბიუჯეტიდან და სახელმწიფოსგან მიღებული შეღავათების ხარჯზე, შემდეგ კი გაყიდვა. ეს არის შედეგი, რაც სახელმწიფოსგან მიღებულ პრივილეგიებს მოყვება-ხოლმე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოში არსებული ყველა ობიექტის შესყიდვასა და რეაბილიტაციაზე განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა. ახლა კი უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შესაძლოა, არცერთი ობიექტი არ შეიძინოს. მისი თქმით, ის ჯერ სხვა ინვესტორებს დაელოდება და შეიძენს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელიც არ გაიყიდება. ამავე ინტერვიუში, ის სასტუმრო „პარაგრაფისა“ და პანორამა თბილისის გაყიდვაზე საუბრობს.

 

 


close დახურვა