თბილისის საქალაქო სასამართლომ სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ 10 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სხდომას მხოლოდ 8 ბრალდებული ესწრებოდა. კიდევ 2 ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ და პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
სერჟანტი როინ შავაძე, წინა ხელისუფლების გამოძიების ცნობით, ნარკოტიკის შენახვა-შეძენის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულმა თბილისში ეტაპირების დროს გაქცევა სცადა, რა დროსაც ის მოკლეს.
პროკურატურა აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს საქმეზე - "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ" ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.