logo
ENG



სესიაშვილი: დიდი ალბათობით, ლუგარზე კიბერშეტევა რუსეთის ორგანიზებულია

03 სექ 202018:07
3 წუთის საკითხავი
 
7cln9k300c0fhs0.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი და თავდაცვის კომიტეტის თვადმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერაა ორგანიზებული და პროპაგანდის ნაწილია. ამის შესახებ მან დღეს, 3 სექტემბერს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

"დიდი ალბათობით, ვფიქრობ, რომ ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული. რა თქმა უნდა, ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია და მთავარი ამოცანაა პროპაგანდა და დეზინფორმაცია. მეთოდოლოგია ცნობილია - იპარავ ინფორმაციას, დიდ ნაწილს ავთენტურად აქვეყნებ, ამის ხარჯზე ავრცელებ ფალსიფიცირებულ ინფორმაციას და ცდილობ, მართალი ინფორმაციით ტყუილი დააჯერო მომხმარებელს", - განმარტავს ირაკლი სესიაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მიიტანეს, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო.​ უწყების ცნობით, მოპოვებული მასალა, როგორც ავთენტიკური, ასევე ფალსიფიცირებული, ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე აიტვირთა.


close დახურვა