logo
ENG



სეულის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში რუსეთის მხარეს საომრად სამხედროებს აგზავნის

19 ოქტ 202412:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/19/9qgya38ublnfjfm.jpg

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში საბრძოლველად სამხედროების გაგზავნა დაიწყო. სეულმა აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა მალევე მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა ომში საბრძოლველად 10 000 ჩრდილო კორეელი მებრძოლი ჩართოს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა პარასკევს უსაფრთხოების საბჭო მოიწვია და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამას "ყველა ხელმისაწვდომი ფორმით" უნდა უპასუხოს.

დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, რუსეთში უკვე ჩავიდა 1500 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით სამხრეთ კორეული მედიები წერენ, რომ საბოლოოდ რიცხვი 12000-მდე იქნება.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობები გაღრმავდა. სულ უფრო მეტი ინფორმაცია და მტკიცებულება ჩნდება, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საბრძოლო მასალას აწვდის.

ხუთშაბათს უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ 11 000 ჩრდილო კორეელი ქვეითი ჯარისკაცი რუსეთის აღმოსავლეთით წვრთნებს გადის. როგორც ბუდანოვმა აღნიშნა, უკრაინაში საომრად ისინი პირველი ნოემბრისთვის იქნებიან მზად. მან დასძინა, რომ კორეელები რუსულ აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას გამოიყენებენ, ხოლო 2600 ჯარისკაცისგან შემდგარი პირველი ჯგუფი კურსკის ოლქში გაემგზავრება.

კვირის დასაწყისში პუტინმა პუტინმა წარადგინა კანონპროექტი სამხედრო პაქტის რატიფიცირების შესახებ, რომელიც მან კიმ ჩენ ინთან დადო. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა პირობას დებენ, "აგრესიის" შემთხვევაში დაეხმარონ ერთმანეთს.


close დახურვა