logo
ENG



სიიარტომ პირველი კომენტარი გააკეთა მასსა და ლავროვს შორის საუბრის გამჟღავნების შემდეგ

31 მარ 202616:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/31/hhxre8gnrk7tgp4.jpg

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ კომენტარი გააკეთა მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შორის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერების გაჟონვაზე და მორიგ ჯერზე გააკრიტიკა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა რუსეთის მიმართ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვერ ხედავს ვერაფერ ცუდს მასსა და სერგეი ლავროვს შორის მუშაობაში. 

საუბარია 31 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლებიც ცხადყოფს რუსეთისა და უნგრეთის კონტაქტებს იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ბუდაპეშტის მიერ მოსკოვისთვის ევროკავშირის დახურული განხილვებიდან ინფორმაციების შესაძლო გადაცემას უკავშირდება.

კერძოდ, გამოცემა The Insider-მა და მისმა საგამოძიებო პარტნიორებმა შეისწავლეს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლის თანახმადაც, პიტერ სიიარტოსა და სერგეი ლავროვს შორის არსებული "ცხელი ხაზი" მოსკოვს აწვდიდა სტრატეგიულ ინფორმაციას ევროკავშირის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ჩანაწერების ერთ-ერთი ეპიზოდიდან ირკვევა, რომ სერგეი ლავროვი პიტერ სიიარტოს დახმარებას სთხოვს სანქცირებული პირების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის და - გულბახორ ისმაილოვა.

ამ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მისთვის უკვე ისედაც ცნობილია, რომ - "უცხოური სადაზვერვო სამსახურები - უნგრელი ჟურნალისტების აქტიური დახმარებით - უსმენენ" მის სატელეფონო საუბრებს.

"დღეს "დაზვერვამ" კიდევ ერთი "მნიშვნელოვანი აღმოჩენა" გააკეთა: მათ დაამტკიცეს, რომ მე საჯაროდაც იმავეს ვამბობ, რასაც ტელეფონით... შესანიშნავი სამუშაოა!", - დაწერა პიტერ სიიარტომ Facebook-ზე.

მან მორიგ ჯერზე გაუსვა ხაზი, რომ "სანქციების პოლიტიკა წარუმატებელია: ის უფრო მეტ ზიანს აყენებს ევროკავშირს, ვიდრე რუსეთს". ამასთან, ის ამტკიცებს, რომ "რეგულარულად ატარებს და ატარებდა კონსულტაციცებს ევროკავშირის გარეთ არსებული მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან სანქციებთან დაკავშირებით".

გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, მასალები მიუთითებს, რომ პიტერ სიიარტო კრემლის ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა, მათ შორის, ლობირებდა სანქცირებულ ოლიგარქებს. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრთან საუბარში ის აცხადებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტის დასაბლოკად და სთავაზობდა დახმარებას რუსული სუბიექტების გადასარჩენად.

მანამდე, პიტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენის შესახებ უნგრეთის პროსამთავრობო გამოცემა Mandiner-მა დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრს უცხოეთის სპეცსამსახურები უსმენენ უნგრეთის ოპოზიციის წარმომადგენელთა დახმარებით. გამოცემის თანახმად, მისი წყაროა ანონიმური პირისგან მიღებული წერილი და აუდიოჩანაწერი.

უნგრეთის პროსამთავრობო გამოცემის სტატიას წინ უძღოდა ამერიკული The Washington Post-ის სტატია. 

21 მარტს გამოცემამ დაწერა, რომ წლების განმაბლობაში ვიქტორ ორბანის მთავრობის წარმომადგენლები რუსეთს ინფორმაციას აწვდიდნენ ევროკავშირის სხდომების შესახებ. მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს რეგულარულად ურეკავდა სხდომებს შორის შესვენებების დროს და განხილულ საკითხებზე ანგარიშებს აძლევდა.


close დახურვა