ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ საქართველოში ხორბლის მარაგები იწურება.
როგორც სილაგავამ ბიზნეს ფორმულას განუცხადა, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა, რაც პრობლემებს იწვევს. სილაგავა ამბობს, რომ ეს ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვამ განაპირობა, რადგან რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი შემოიღო. აღსანიშნავია, რომ შექმნილი ვითარება უკვე აისახა პურის ფასზეც.
"თვეებია ხორბალი მინიმალურად შემოდიოდა საქართველოში. შესაბამისად ამან უკვე იმოქმედა ხორბლის მარაგებზე. ხორბლის მარაგები დღევანდელ სიტუაციაში სამწუხაროდ მინიმალურია, 10 დღის მარაგია დარჩენილი. უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილი, რომელიც დღესდღეობით კიდე მუშაობდნენ, ფაქტობრივად გაჩერდება", - ამბობს სილაგავა და აღნიშნავს, რომ პრემიერთან შეხვედრაა საჭირო.