რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ გუშინ აფხაზეთში ჩავიდა, ე.წ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა და მედიაცენტრი გახსნა.
სიმონიანი აცხადებს, რომ ის მადლიერია, რომ აფხაზები ახლა რუსეთთან ერთად იბრძვიან და სამარცხვინოდ მიიჩნევს "რუსეთ-აფხაზეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის არსებობას", რომელიც, მისი თქმით, "მილიონობით რუსეთის მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს".
"გუშინ აფხაზეთში ვიყავი - იქ მედიაცენტრი გავხსენით. ჩვენ ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, მშვენიერი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი.
ახლა ისინი ჩვენთან ერთად და ჩვენთვის იბრძვიან.
ახლა ამიხსენით, რა საჭიროა ეს სამარცხვინო საზღვარი და საბაჟო პუნქტი აქ, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნერვებს უშლის, შეურაცხყოფს, როგორც იმ მილიონობით რუსის ღირსებას, ვინც ყოველწლიურად ამ საზღვარს კვეთს, ასევე ჩვენი მოკავშირეების, ვინც ჩვენ გამო სისხლს ღვრის“, - აცხადებს სიმონიანი.