საია-ს თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებით, კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ადეკვატურობის განცდა დაკარგული აქვს.
სიმონიშვილის შეფასებით, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ხელისუფლება პოლიტიკური მოტივებით მოქმედებს და მათი მხრიდან გადადგმული არცერთი ნაბიჯი არ ყოფილა კანონთან შესაბამისი.
"ჩვენ ამ კადრებით კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს და ზოგადად, ხელისუფლებას ყველანაირი ადეკვატურობის განცდა აქვს დაკარგული მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. არცერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, არ ყოფილა კანონთან შესაბამისი, არც ყოფილა ადეკვატური და არ ყოფილა გაანალიზებული სამართლებრივ ჭრილში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ნაბიჯი გადადგმული იყო პოლიტიკური მოტივებით. საშინელი კადრებია, რისი დადასტურება სურდათ ამით, ვერ გავიგე. ვერავითარ ნორმალურ ლოგიკაში ვერ ვსვამ", - ამბობს სიმონიშვილი.
პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა.